ამ მოხსენებას მე ვერ დავარქმევდი ობიექტურს. ის სტანდარტები, რომელიც ბოლო დროს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ არის გაცხადებული, არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ ანგარიშშია აღწერილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„პოლიციელი თავს იცავს, სახელმწიფოს იცავს. ვინც ვერ დაინახა, რომ, რეალურად, „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდნენ პოლიციელებს, მომაკვდინებელი საშუალებები იყო გამოყენებული დამიზნებით სროლის დროს, ის ცდება, როდესაც საქართველოში ვითარებას აფასებს. ასე რომ, ეს მოხსენება ჩვენთვის ვერ იქნება იმ სტანდარტის შესაბამისი, რომელიც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დამკვიდრებული ბოლო პერიოდში. სანდრო არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გახდებიან მომავალში ავტორები ასეთი არაობიექტური და ხისტი მოხსენებებისა საქართველოს მიმართ. ყველა საკითხი, რომელიც აღწერილია 2024 წლის ანგარიშში, როდესაც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები არ იყო ჩატარებული, არის აბსოლუტურად განულებული. არ შეიძლება, პოლიციელს უტევდე და ის პასუხს არ გაძლევდეს. არ შეიძლება, პოლიციელს ცოცხლად წვავდე და ის პასუხს არ გაძლევდეს. ცალკეული გადახრები, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ სწორედ ამიტომ ქმნიდნენ ამ ვითარებას არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომ უკეთებდნენ ორგანიზებას ამ შეჯახებებს, რომ გარდაუვალი დაზიანება, გადაცდომები ყოფილიყო. მსოფლიოში არ არსებობს არცერთი დემოკრატია, სადაც ასეთი ჯახის დროს არ ხდება გადახრები. საქართველოში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. საქართველო ყველა რეიტინგით, მათ შორის დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მართვის პრინციპებით, მართლმსაჯულების პრინციპებით წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა კრიტერიუმები, ობიექტური შეფასებები აქვს და ვფიქრობ, მომავალშიც ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერასდროს დაჩაგრონ, ვერ გააყალბონ ვითარება, რომელიც ეხება სახელმწიფოს საქმიანობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანთა უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ძირითადად საუბარია თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე, საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და სახელისუფლებო რეპრესიებზე, მათ შორის, ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.