აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანთა უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ძირითადად საუბარია თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე, საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და სახელისუფლებო რეპრესიებზე, მათ შორის, ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.
„2024 საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნეგატიური განვითარების ფაქტები მოიცავდა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ძალაში შესვლა, რომელიც, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შეზღუდავდა გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
"საქართველოდან მთელი წლის განმავლობაში, განუწყვეტლივ ვრცელდებოდა ცნობები მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების წინააღმდეგ ფიზიკურ თავდასხმებზე, დაშინებაზე, მუქარაზე და შევიწროებაზე. ასეთ შემთხვევებში კი არ არსებობდა პასუხისმგებლობის საკითხი. თბილისში, "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული პროევროპული აქციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა თავდასხმის, შევიწროებისა და პოლიციელების მხრიდან ტექნიკის დაზიანების შესახებ. 7 დეკემბერს, 30-ზე მეტი ტიტუშკა (არაიდენტიფიცირებული პირი, ძირითადად შავებში ჩაცმული, დაფარული სახით) თავს დაესხა დემონსტრანტებს, შემდეგ კი იძალადა ტვ პირველის ჟურნალისტ მახა ჩიხლაძეზე და ოპერატორ გიორგი შეწირულზე, რომლებიც მათ იღებდნენ. მას შემდეგ, რაც ჩიხლაძესა და შეწირულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ წაიღეს შეწირულის კუთვნილი ყველა ნივთი. როგორც ჩიხლაძე და თვითმხილველი პირები ამბობენ, იქვე მდგომ პოლიციელებს რეაქცია არ ჰქონიათ, არ ჩარეულან დაპირისპირებაში და არ შეუჩერებიათ თავდასხმა", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.
„მედია ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუმსუბუქა სასჯელი 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც 16 ნოემბერს ამნისტია შეეხოთ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე. ამ თავდასხმების არცერთი ორგანიზატორისთვის ბრალი არ წაუყენებიათ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.