"უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ განისაზღვრება უკრაინის გარეშე. კონსტრუქციული მოლაპარაკებები კი შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საბრძოლო მოქმედებების შემცირების კონტექსტში წარიმართოს", - ნათქვამია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებაში.
უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც წინ უსწრებს 15 აგვისტოს ალასკაში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრას.
ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობის პრინციპებს".
ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ შეინარჩუნებენ რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს და დააწესებენ ახალ შეზღუდვებსაც.
"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების საფუძველზე, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანონ, ცალკეული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია დოკუმენტში.
ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
15 აგვისტოს ალასკის შტატში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.