ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზესა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ავსტრალია სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ ჰამასს არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.
მედიის ცნობით, ალბანეზიმ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ელაპარაკა და უთხრა, რომ ომის დასამთავრებლად არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გამოსავალი არის საჭირო
მისივე თქმით, ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულებები, მათ შორის დემილიტარიზაცია, საყოველთაო არჩევნების ჩატარება და ისრაელის არსებობის უფლების აღიარების გაგრძელება.
„ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, - განაცხადა ენტონი ალბანეზემ.
31 ივლისს კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 24 ივლისს გამოაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.