ნატო-ს წევრი ქვეყნების კოორდინირებული ქმედებები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიზნით გაგრძელდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის შედეგის მიუხედავად.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნატო უკრაინას „ყველაფრით უზრუნველყოფს, რათა მან შეძლოს ბრძოლა და საუკეთესო პოზიციაში ყოფნა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკების დრო დადგება.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალასკაში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა „ტესტი“ იქნება და უკრაინასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება არ დადგება.
„პარასკევს პუტინს პრეზიდენტი ტრამპი ტესტირებას ჩაუტარებს... პარასკევს მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამდენად სერიოზულია პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ტრამპია“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მან დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ამ შეხვედრაზე არ იქნება მიღებული.