საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტრუბა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად, რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად, უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომა იქნება წარმატებული, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას უკანონო ომის დასასრულებლად. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საქმეს დიპლომატიურად, ასევე უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებით, მათ შორის „მსურველთა კოალიციის“ მუშაობით და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების შენარჩუნებითა და დაკისრებით.
გვწამს, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა დაიცავს უკრაინასა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს.
ვეთანხმებით, რომ ეს სასიცოცხლო ინტერესები ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას მოიცავს, რაც უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ეფექტურ საშუალებას მისცემს. უკრაინას საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება აქვს. შინაარსიანი მოლაპარაკებები შესაძლებელია გაიმართოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი ქმედებების შემცირების შემთხვევაში. უკრაინის სამშვიდობო გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. მიმდინარე შეხების ხაზი უნდა იყოს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა წარმოადგენს გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევას. ხაზს ვუსვამთ ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც ევროპელები გაერთიანებულნი ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს ერთობლივი ძალებით დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ვაგრძელებთ მტკიცე თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან, აშშ-სთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინელ ხალხთან, უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს ჩვენს სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს", – წერია ევროპის ლიდერების განცხადებაში.