საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ხაზი გაუსვა უკრაინისა და ევროპის მიერ ომის დასრულების სამომავლო შეთანხმებაში მონაწილეობის აუცილებლობას. მაკრონი ამის შესახებ Х-ზე წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შაბათს მას სატელეფონო საუბრები ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.
„ჩვენ მტკიცედ ერთგული ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერის, ვმუშაობთ ერთიანობის სულისკვეთებით და ვაგრძელებთ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში დაწყებულ სამუშაოს. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება იმ უკრაინელების გარეშე, რომლებიც სამ წელზე მეტია იბრძვიან თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის,“ - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპაც უნდა იყოს ჩართული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, „რადგან ეს მათ უსაფრთხოებას ეხება“.
„მე გავაგრძელებ ჩემი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა მაკრონმა.
გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაურ ვლადიმირ პუტინს 15 აგვისტოს ალასკას შტატში შეხვდება.
ასევე ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება.
„საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ ტერიტორიების ნაწილს, გარკვეულ გაცვლებს განვახორციელებთ და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების განხილვისას რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, თუმცა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს.
„უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე არის უკრაინის კონსტიტუციაში. არავინ გადაუხვევს და არც შეუძლია გადაუხვიოს ამას . უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ გადასცემენ “, – განაცხადა ზელენსკიმ.