აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან, რათა განიხილონ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზები.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული საუბრის შემდეგ გავრცელდა.
როგორც აღნიშნულია, სტარმერმა და ზელენსკიმ „განიხილეს ევროპის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების მომავალი შეხვედრა“.
შეხვედრას უმასპინძლებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა „მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პროგრესის განსახილველად“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ამ შაბათ-კვირას დიდ ბრიტანეთში შეხვედრას გეგმავენ, პარასკევს, 8 აგვისტოს მედიით გახდა ცნობილი.