უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად ლიდერების დონეზე შეხვედრების სხვადასხვა ფორმატი განიხილება
ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან საუბრის შემდეგ ისაუბრა.
„უკრაინაც და გერმანიაც თანაბრად ხედავენ ომის რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეული მშვიდობით დასრულების აუცილებლობას და ამ ომის დასრულების პარამეტრები ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების პირობებს განსაზღვრავს. ომი ევროპაშია და უკრაინა ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ, ევროპა უნდა იყოს შესაბამისი პროცესების მონაწილე“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მან თავისი პოზიციები გერმანიასთან შეათანხმა. ზელენსკი და მერცი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებას კიდევ გამართავენ.
ამავდროულად, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები დღეს ონლაინ შეხვედრას გამართავენ, რათა საერთო შეხედულებებზე შეთანხმდნენ - უკრაინა და მთელი ევროპა, შეერთებული შტატები.
„ასევე, გუშინ განხილული იყო უახლოეს მომავალში ლიდერების დონეზე მშვიდობის მისაღწევად შეხვედრების სხვადასხვა პოტენციური ფორმატი: ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი. უკრაინას შეხვედრების არ ეშინია და რუსული მხარისგანაც იგივე გაბედულ მიდგომას ელის. დროა, ომი დასრულდეს. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა!“, - აღნიშნა ზელენსკიმ.