ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით - ასე უპასუხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "ფორმულას" მიერ დასმულ შეკითხვას მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.
."ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.