„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სხდომაზე წაიკითხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის ციტატები მზია ამაღლობელის შესახებ, რომ თითოქოს ჟურნალისტი მოქმედებდა უცხოეთის დაკვეთით და ა.შ. ადვოკატმა გაიხსენა მოწოდებები, რომ მზია ამაღლობელმა აღიაროს, მოინანიოს „დანაშაული“. ამის შემდეგ მან მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა:
„მოსამართლე არ მეგულება, ნუ მიიღებთ ამას პიროვნულ შეფასებად, მაგრამ თუკი მოსამართლეს არ შეუძლია ეს თქვას, თუკი მოსამართლეს არ შეუძლია მიუთითოს ხელისუფლებას ამეებზე და როგორც იტყვიან დასვას თავის ადგილას, იმ საკითხებზე სადაც მას არაფერს ეკითხებიან, ჩვენ ასეთი სასამართლოს მიმართ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. წარმოგიდგენიათ ჩემი როლი?
ამდენი განცხადება ხელისუფლებას არც ერთ საქმეზე არასდროს გაუკეთებია, ცივილიზებული სამყარო შოკში იქნება. პროკურორმა დასკვნითი სიტყვა მოგვახსენა. ამის შემდეგ პრემიერმა ისევ განაცხადა: - „ჩაიდინა თუ არა დანაშაული მზია ამაღლობელმა, უნდა შევთანხმდეთო“. ის კოლექტიურად მოგვიწოდებს აღიარებას. ჩვენი ერთობლივი აღიარება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ძალიან ესიამოვნებოდათ, მზიასი და ადვოკატების, ან მზიას მედიასაშუალების. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ არავის მისცემს შანსს ამტკიცოს, რომ მზიას დანაშაული არ ჩაუდენია. პრემიერი მოგვიწოდებს ამაზე არ ვისაუბროთ, რადგან ეს ყოფილა პოლიტიკური ბრალდებები. პრემიერი ამბობს, რომ „ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის შესაბამისი ქმედება“. ისმის პოლიტიკური ბრალდებები. მოგვიწოდებს სინანულისკენ, აღიარებისკენ. მზიამ უნდა აღიაროს. „აღიარონ და მერე ვილაპარაკოთო“ - საერთოდ რა პროცედურას გვთავაზობს ხელისუფლება, გაოცებული ვარ. ირაკლი დგებუაძე უშვერი სიტყვებით აგინებდა მზია ამაღლობელს, პრაქტიკულად განაჩენიც გამოიტანა, სასჯელიც დაადგინა...
გუშინ არ მოვედი პროფესიაში, დღეს უნდა ვთქვა დასკვნითი სიტყვა და პრემიერი მოსდევს ფეხდაფეხ მზია ამაღლობელს, ანუ რას ვუპასუხო, პრემიერის კომენტარებს თუ მქონდეს რწმენა რომ ამ სასამართლოს შეუძია გაუმკლავდეს ამ ტიპის ზეწოლას? თავისთავად ცხადია, მაპატიეთ, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ სასამართლოს ეს უნარები აქვს და არც ის მჯერა, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე მოსამართლეს ეს უნარები აქვს, სამწუხაროდ. მიუხედავად ამისა, იძულებული ვარ დავიწყო ჩემი დასკვნითი სიტყვა და სასამართლოს მინდა ვუთხრა, რომ გაითვალისწინოს, სულელები არ ვართ ჩვენ აქ არცერთი, მზიას ინტერესების დამცველები, მაგრამ იძულებულები ვართ ამ რეალობის გათვალისწინებით დავიწყოთ ჩვენი დასკვნითი სიტყვა ამ სასამართლოზე“, - განაცხადა სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარმოთქმული დასკვნითი სიტყვისას მწარიაშვილმა "პუბლიკის" თანახმად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პრცესი იმართება.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.