ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი, თორნიკე კაპანაძე, თაღლითობის ბრალდებით დააკავა | განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა
ბრალდებული, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.
"საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 18 ივლის სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი თანამშრომელი ლ.დ.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში, ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.
წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტომ ბრალდებულებს, მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა - 826 815 ლარის ოდენობით.
სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.
სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", თქვა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა თავბერიძემ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.