რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს, 31 ივლისს, განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში შეტევის დროს დაიპყრო ქალაქი ჩასივ იარი, სადაც ბრძოლები 2024 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობდა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ასევე გამოაქვეყნა სამინისტროს მიერ მოწოდებული ჩასივ იარის კადრები, რითიც ამტკიცებენ, ქალაქის დასავლეთ და სამხრეთ მიკრორაიონების გარეუბანში რუსეთის დროშებია აღმართული.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოქცევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩასივ იარში სიტუაცია იგივეა, რაც ბოლო თვეებში. რუსები უბრალოდ ისევ იტყუებიან ზუსტად იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია, სულ მცირე, უარყოფის სახით მაინც გავრცელდეს“, - განუცხადა „RBK Ukraine“-ს უკრაინის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების „ხორტიციას“ წარმომადგენელმა ვიქტორ ტრეგუბოვმა.
ამასთან, უკრაინული პროექტის Deep State -ის რუკაზე, ჩასივ იარის სამხრეთით და დასავლეთით მდებარე დიდი ტერიტორიები კვლავ მონიშნულია, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ქალაქის ნაწილი ასევე „ნაცრისფერ ზონაშია“ - ანუ ამჟამად იქ სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.