რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუმინეთი მზადაა, მოლდოვას ტექნიკური დახმარება გაუწიოს საპარლამენტო არჩევნების დროს რუსული ჰიბრიდული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას დანმა გაიხსენა ნატო-ს და ევროკავშირის განცხადებები, რომლებშიც რუსეთი კიბეროპერაციებისა და დეზინფორმაციის გამოყენებით ჰიბრიდული ომის წარმოებაში დაადანაშაულეს.
„მოლდოვისთვის ფაქტები კიდევ უფრო ნათელი და სერიოზულია. რადგან, ამ ორი კომპონენტის გარდა, არსებობდა კიდევ ერთი კომპონენტი - ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც დადასტურდა მოლდოვის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ გამოძიებულ რამდენიმე ათას საქმეში“, - აღნიშნა მან.
რუმინეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუმინეთს შეუძლია მოლდოვას მიაწოდოს ტექნიკური ექსპერტიზა, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
„აშკარაა, რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მოლდოვის რესპუბლიკა და ჩვენი კოლეგების თხოვნით, შეგვიძლია დავეხმაროთ მათ“, - თქვა დანმა და დასძინა, რომ მან ეს საკითხები მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან განიხილა.
შეგახსენებთ, მაია სანდუმ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას გეგმავს.