რუსეთის სახალინის ოლქის კურილის კუნძულების აღმოსავლეთ სანაპიროზე ცუნამმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ბანაკი წალეკა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბანაკიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
სახალინის ოლქის მთავრობის წარმომადგენის თქმით,30 ადამიანი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უფრო შემაღლებულ ადგილას.
მანამდე, სახალინის ოლქის მთავრობამ განაცხადა, რომ მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ სევერო-კურილსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„ბანაკში მყოფი ხალხი, 30 ადამიანი, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უფრო მაღალ ადგილას. ბანაკი წყალმა წაიღო, რომელიც სანაპიროზე იყო განლაგებული... ყველა ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელია, ცვლის ჯგუფი გავიდა მათ ასაყვანად და ბანაკში განსათავსებლად“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 126 კილომეტრის დაშორებით, 18 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე იაპონიასა და აშშ-ში.
კამჩატკის ნაწილზე ცუნამის სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევდა.
მიწისძვრის შედეგად არიან დაშავებულები. ასევე დაზიანდა რამდენიმე შენობა.