საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა ზარალმა დეკემბერში 2.4 მლნ ლარი (1.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო მთლიანად 2010 წელს წმინდა მოგება 156 მლნ ლარს გაუტოლდა (86 მლნ აშშ დოლარი) მაშინ, როდესაც 2009 წელს წმინდა ზარალმა 65 მლნ ლარი შეადგინა.
"ბი ჯი კაპიტალის" ინფორმაციით, 2010 წელს აქტივებზე და საკუთარ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტებმა 1.7% და 9.6% შეადგინა.
"ბი ჯი კაპიტალის" განმარტებით, წმინდა მოგების ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო საბანკო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდით და სესხების შესაძლო დანაკარგების ზარალის შემცირებით. სექტორის წმინდა საპროცენტო შემოსავალი 8%-ით გაიზარდა ძირითადად გაცემული სესხების 21%-იანი ზრდის შედეგად, რაც წარმოადგენს 2010 წელს ყველაზე მაღალ ზრდას განვითარებად ბაზრებზე. მთლიანი უმოქმედო სესხების წილმა კი 5.3 პროცენტული პუნქტით დაიკლო და 12.5% შეადგინა ძირითადად ლარის სტაბილურობის გამო. გასულ წელს ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი უმოქმედო სესხები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მაინც მაღალ ნიშნულზეა. აგრეთვე აღსანიშნავია რომ კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის გაანგარიშებაში უცხოური სესხების წონის ზრდამ (რომელიც ძალაში 2011 წლის დასაწყისიდან შევიდა) შესაძლოა მომავალში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის საჭიროება გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ სს "ბი ჯი კაპიტალი" (ყოფილი "გალტ ენდ თაგგარტ სექიურითის"), წარმოადგენს საქართველოში მოწინავე საინვესტიციო ბანკს, რომელიც დაარსდა 2000წელს. კომპანია სთავაზობს კლიენტებს სრულ საინვესტიციო საბანკო მომსახურებას განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა კავშირისრესპუბლიკებში, ძირითადად საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსიაში. კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია საბროკერომომსახურება აქციებისა და ობლიგაციების შეძენაში, კვლევების ჩატარება, და კლიენტებისათვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა.
2010 წელს, პრესტიჟულმა გამომცემლობამ, "Euromoney"-მ, სს "ბი ჯი კაპიტალი" დაასახელა როგორც განვითარებად ბაზრებზე მოქმედი საუკეთესოსაინვესტიციო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
სს "ბი ჯი კაპიტალი"-ს 100% წილის მფლობელია სს "საქართველოს ბანკი".