ევროკომისია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოებთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ განაცხადა.
ევროკომისია კონტაქტზეა უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოს, რომ კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებული მისი შეშფოთება გათვალისწინებული იყოს.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და წუხილი. ვხედავთ, რომ უკრაინის მთავრობამ ზომები მიიღო. ჩვენ მივესალმებით ამ ქმედებებს“, - განაცხადა მერსიემ.
მან დასძინა, რომ ევროკომისია უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს „იმისათვის, რომ კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებული ეს შეშფოთება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, მართლაც სათანადოდ იქნას განხილული“.
„ჩვენ ნამდვილად გვესმის, რომ უკრაინის მთავრობამ ახალი მიდგომა აირჩია, ახალი სამოქმედო გეგმა ან კანონი შემოგვთავაზა.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ უკრაინის მთავრობა მოქმედებს და ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი შეშფოთება, რომელიც გუშინ და გუშინწინ ნათლად იყო გამოხატული, რეალურად იქნას გათვალისწინებული“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „კანონპროექტის ტექსტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“.