თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრიი ერმაკს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა Anadolu იუწყება. შეხვედრის შესახებ X-ზე წერს ერმაკიც
ანდრიი ერმაკმა განმარტა, რომ შეხვედრა ანკარაში გაიმართა - უკრაინის დელეგაციის სტამბოლში გამგზავრებამდე.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს „რუსეთთან ომის მთელი პერიოდის განმავლობაში უკრაინისადმი თანმიმდევრული პოლიტიკური და თავდაცვითი მხარდაჭერისთვის“ და ასევე განიხილა მოლაპარაკებების რაუნდი.
„სამშვიდობო პროცესის დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება რეალურ ადამიანებს, რეალურ ბავშვებს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა და ყველა მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს“, - წერს ანდრეი ერმაკი.
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმაც მიიღო.
„ასევე, განვიხილეთ მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, რათა ომის დასრულების მიზნით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.