უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის მიერ ჩამორთმეული გარანტიების დაბრუნებას ითხოვენ.
„ამიერიდან უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურას ართმევენ იმ გარანტიებს, რომლებიც ადრე მათ საშუალებას აძლევდა ეფექტურად შეესრულებინათ თავიანთი ამოცანები და ფუნქციები ტოპ-კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სრული და დამოუკიდებელი მუშაობის აღსადგენად, საკანონმდებლო დონეზე საჭიროა მკაფიო და ცალსახა ნაბიჯები, რომლებიც პარლამენტის მიერ გაუქმებულ გარანტიებს დააბრუნებს.
ამავდროულად, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა ხაზს უსვამენ თავიანთ ერთგულებას უკრაინელი ხალხის ინტერესების მიმართ და აგრძელებენ მუშაობას ორივე ინსტიტუტის პროფესიული შესაძლებლობების და მათი საქმიანობის წლების განმავლობაში მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად.
კანონის უზენაესობა და კანონის დაცვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურასთვის უცვლელ ღირებულებებად რჩება. ჩვენ ველით, რომ იგივე მიდგომას სხვა სამართალდამცავი ორგანოებისგანაც გამოიჩენენ“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გააგრძელონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა.
„უკრაინის თავდაცვის ძალების სიძლიერე და მდგრადობა, უკრაინული საზოგადოების ერთიანობა და სისტემური საერთაშორისო მხარდაჭერა აგრესორის დამარცხებისა და ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლის ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორებია“, – ნათქვამია ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა.