ქობულეთში მარცვლეულის ამღები კომბაინის და მოტობლოკების საამწყობო საწარმოს მშენებლობა იგეგმება. აჭარის მთავრობა ქობულეთში, დაბა ჩაქვში, შენობა-ნაგებობასა (2 176,4 კვ.მ) და მასზე დამაგრებული მიწის (19 046 კვ.მ) ნაკვეთს, განმეორებით აუქციონზე, 40 %-იანი ფასდაკლებით ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია საბოლოო თანხა 2011 წლის 25 დეკემბრამდე გადაიხადოს. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 7 თებერვლისთვისაა დანიშნული.
მყიდველი ვალდებულია ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში შექმნას და ექსპლუატაციაში შეიყვანოს მარცვლეულის ამღები კომბაინის და მოტობლოკების საამწყობო საწარმო. საწარმოში
პირველი ეტაპისათვის საქართველოს მინიმუმ 20 მოქალაქე დასაქმდება. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი საწარმოში
200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
იმავდროულად მყიდველი ვალდებულია 2012 წლის 25 დეკემბრამდე საწარმოში ინვესტიციის ოდენობა 1 მლნ. ლარამდე გაზარდოს, ხოლო ინვესტიცის ზრდასთან ერთად კი საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 35-მდე გაზარდოს.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია 2012 წლის 25 დეკემბრამდე გადაიხადოს ყოფილი "ავტოსატრანსპორტო საწარმოს" საგადასახადო დავალიანება (გირავნობა) რომელიც 12.01.2011 წლის მდგომარეობით 56 512 ლარს შეადგენს და რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი ერიცხება.