უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს, 18 ივლისს, სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების, დრონების სისტემების დაფინანსებისა და უკრაინელი პილოტების Mirage-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნის საკითხები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ფრონტზე არსებულ ვითარებას და უკრაინის პრიორიტეტულ თავდაცვის საჭიროებებს, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, კერძოდ, SAMP/T სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებას და ჩამჭრელი დრონების სისტემების დაფინანსებას.
„მადლობელი ვარ ემანუელის მისი ჭეშმარიტად სტრატეგიული ხედვისა და მზადყოფნისთვის, დაეხმაროს ჩვენს ჯარისკაცებს ზუსტად იმაში, რაც სჭირდებათ...“
ჩვენ მოვამზადებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს საფრანგეთთან და პარტნიორებთან ერთად თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რუსეთის თავდასხმებისგან ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად ახალი ნაბიჯების შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, Mirage-ის ტიპის გამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების გარკვეული დამატებითი რაოდენობა გაწვრთნას.
გარდა ამისა, მათ განიხილეს „მსურველთა კოალიციის“ ბოლო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შემდგომი ნაბიჯები.
„ასევე მადლობა გადავუხადე საფრანგეთს ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის წინსვლისთვის შეტანილი ხელშესახები წვლილისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მაკრონმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ საფრანგეთს ესმის უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიული მნიშვნელობა.
„ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აუცილებელია შევახსენოთ, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან. ჩვენ ერთად ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და დავიწყოთ მოლაპარაკებები საიმედო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მივესალმები ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას დღეს დილით. რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას და ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით" - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.