საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილჰამ ალიევმა მარიამ ქვრივიშვილს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა, როგორც მჭიდრო თანამშრომლობის მაჩვენებელი. სტუმართმოყვარეობისა და მილოცვებისთვის მადლიერების გამოხატვისას მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა პატივია.
საქართელოს ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ილჰამ ალიევმა კმაყოფილებით გაიხსენა ირაკლი კობახიძის პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და აღნიშნა, რომ ეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ძმობის მაგალითი იყო. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გლობალური ლიდერია და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურს საქართველოში მეგობრად იღებენ.
„ორმხრივ ურთიერთობებს ფართო დღის წესრიგი აქვს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. შეხვედრაზე თქვეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში დამყარებული თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული პროექტები სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვისაც“, – ითქვა შეხვედრაზე.
ურთიერთკავშირის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას იმედი გამოითქვა, რომ ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის გაზრდის დიდი პოტენციალის არსებობას და მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.