სამარშუტო ტაქსების ტენდერი თბილისის მერის მიერ დადგმული მორიგი ფარსი იყო, რაც 31 იანვარს „გამარჯვებულების" გამოვლენით დასრულდა,_აცხადებს თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინათინ ხიდაშელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს თბილისის მართვის კორუფციულ სისტემას, რომელიც ქალაქის მერმა ჩამოაყალიბა.
ხიდაშელის აზრით, ტენდერი თავისუფალ კონკურენტულ გარემოში არ ჩატარებულა და სინამდვილეში, ქალაქის მერს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ვის ჩუქნიდა თბილისის სატრანსპორტო ქსელებს.
"ფარსი იყო ის, რომ მონოპოლიის თავიდან ასაცილებლად ტენდერი 5 ლოტად გამოცხადდა. სინამდვილეში, „გამარჯვებული" სხვადასხვა კომპანიები ერთი და იმავე ჯგუფის მიერ იქნა სახელდახელოდ შექმნილი,"_აღნიშნავს ხიდაშელი.
საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი მორიგ ფარსად მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა თბილისელების და არა მერის და მისი მონოპოლისტი მეგობრების ინტერესებზე მზრუნველმა სატენდერო კომისიამ.
თინათინ ხიდაშელი განმარტავს, რომ „გამარჯვებული" კომპანიები (შპს-ები „თბილ ლაინი", „ფაბლიქ ქარი" და „თბილ ქარი") ერთსა და იმავე დღეს საეჭვოდ არის შექმნილი. მათი წესდებების ტექსტებიც აბსოლუტურად იდენტურია, მათი საბუთები დამოწმებულია ერთი და იმავე ნოტარიუსის მიერ, მათი დოკუმენტები საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია 5 წუთიანი შუალედებით, მათთვის საოფისე ფართის გამოყოფის ვალდებულებას იღებს ერთი და იგივე რესტორანი.
ამასთან, ხიდაშელს აინტერესებს, რა ბედი ელის მათ ოჯახებს, ვინც სესხით ნაყიდი თეთრი მიკროავტობუსებით მუშაობენ ხაზებზე. რა ეღირება მგზავრობა. ხომ არ უნდა ველოდოთ ჩვეულებრივი ტაქსების აკრძალვასა და ნიუიორკული „იელოუების" შემოყვანას.