„საქართველო ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსება 90-იანი წლების რუსეთს ბანდიტური გარჩევებით,“ - ამის შესახებ პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში აღარ მოქმედებს სახელმწიფო ინსტიტუტები და „ქართული ოცნება“ კრიმინალებთან გარიგებით ახორციელებს ძალადობრივ კონტროლს.
გალდავა ასევე რამდენიმე მიმდინარე ფაქტს გამოეხმაურა, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის საქმესა და გუშინდელ თავდასხმას მსახიობ ვანიკო თარხნიშვილზე.
"საქართველო ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსება 90-იანი წლების რუსეთს ბანდიტური გარჩევებით. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს სამშობლო, გვაქვს ქვეყანა, მაგრამ არ გვაქვს სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით და ინსტიტუციური კონტროლით.
პირველ რიგში, მინდა, გადარჩენა და გამოჯანმრთელება ვუსურვო თორნიკე რიჟვაძეს და მოვუწოდო შსს-ს, რომ ყოველგვარი თვითშემოქმედების გარეშე, ობიექტურად და სწრაფად გამოიძიონ ფაქტი, ასევე, ის გაჟღერებული ბრალდებები, რაც იყო მათ მიერ გავრცელებულ წერილში: ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ზემოქმედებდნენ თორნიკე რიჟვაძეზე, ვინც წერილი მიხედვით, აბრალებდნენ მას კორუფციას ან ე.წ. ბარიგების მფარველობას და ზოგადად, რატომ ხდება, რომ თუნდაც გავრცელებულ წერილში იმ მასშტაბის ადამიანი, როგორიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე წერდა.
ამავდროულად, ვამბობთ იმას, რომ გრძელდება წახალისებული ძალადობა. "ქართულ ოცნებას" აქვს კრიმინალური კონტრაქტი გაფორმებული მოძალადეებთან. გუშინ ჩვენ ვნახეთ ასევე აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ცნობილი ტელესახე, ცნობილი მომღერალი და მსახიობი ქუჩაში, საკუთარ სახლთან დემონსტრაციულად იქნა ნაცემი იმის გამო, რომ ის მონაწილეა საპროტესტო აქციების. ჩვენ ვნახეთ ასევე ის ფაქტიც, რომ ოფიციალურად შსს-ს არ გაუკეთებია განმატება, რომ გამოძიება დაიწყო და რომ ოპერატიულ-სამძებრო ღოსნიძიებები გატარდება.
მოვუწოდებთ შსს-ს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ რეაგირებს, ან რეაგირებს არაეფექტურად, დაზალებულის სტატუსს არ აძლევს ხოლმე პირებს და არ იღებს ხოლმე სათვალთვალო კამერებიდან კადრებს: სასწრაფოდ მოხდეს ყველა მსგავს ფაქტზე გამოძიება და ჩვენ აქვე შეგახსენებთ,რ ომ იგივე პირთან ერთად, მეორე მომღერალი ზუსტად მარტის თვეში შეეწირა იგივე კრიმინალურ თავდასხმას. ამავდროულად, აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ პირველი კადრები დაიდო სწორედ "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პირების სოციალურ ქსელებში, რასაც ასევე უსწრებდა მათ მიერ რევანშისტული სტატუსების დადება.
შსს-მ სწრაფად გააკეთოს განმარტებები ზემოაღნიშნულ ფაქტებზე და გამოძიება უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და ობიექტური.
აქვე ვიტყვი, რომ იმის გამო სწორედ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის გამო იბრძოდნენ ჩვენი პარტიის ლიდერები, დღეს არიან ციხეში. იმის გამო, მათ შექმნეს მძლავრი ინსტიტუციები და იმის გამო, რომ მათ სჯერათ ინსტიტუციური სიმძლავრის და არა იმ დაკარგული სახელმწიფოსი, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, - განაცხადა ლანა გალდავამ.