უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ინფორმაციას გაცვლის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს.
„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. დღეს ბრუნდებიან ჩვენი დამცველები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძოდნენ სხვადასხვა რეგიონში – დონეცკში, მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მეომრები. ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები. გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლება. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას შესაძლებელს ხდის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.