რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა თალიბანის რეჟიმი მას შემდეგ, რაც მან 2021 წელს ავღანეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. იუწყება Reuters
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ოფიციალურად მიიღო ავღანეთის ახალი ელჩის რწმუნებათა სიგელები, რითაც ის გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა თალიბანის მთავრობა 2021 წლის აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგ პერსპექტივებს ხედავს და გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას ტერორიზმის, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ცალკე ხაზი გაესვა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობის ოფიციალური აღიარება სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ამირ ხან მუთაქიმ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის გადაწყვეტილებას.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ რუსეთის ამ გაბედულ ნაბიჯს და, ღვთის ნებით, ეს სხვებისთვის მაგალითი გახდება“, - ამირ ხან მუთაქიმ.