ეუთო-მ არჩევნებთან დაკავშირებით ორი დასკვნა გამოაქვეყნა, ერთი იყო შუალედური, სადაც დადებითი შეფასება გაკეთდა, ერთადერთი შენიშვნა იყო, რომ პოლიტიკური ველი პოლარიზებულია და ეს ყველას მოგვეხსენება, მეორე, ეუთო-მ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, ხალხს თავისი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება ჰქონდა და ამომრჩევლის ნება ასახული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეუთო-ს სხდომებზე ის გაჟღერდა, რასაც მუდმივად ვამბობთ. ეუთო-მ არჩევნებთან დაკავშირებით ორი დასკვნა გამოაქვეყნა. ერთი იყო შუალედური, სადაც დადებითი შეფასება იყო, ერთადერთი შენიშვნა იყო, რომ პოლიტიკური ველი პოლარიზებულია და ეს ყველას მოგვეხსენება. მეორე, არჩევნების შემდგომი პრესკონფერენცია იყო ბოლოს შეფასების დოკუმენტი. ეუთო-მ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, ხალხს თავისი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება ჰქონდა და ამომრჩევლის ნება ასახული იყო. აქედან გამომდინარე, ეუთო-ს დამკვირვებელმაც, შვეიცარიის წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე იყო, განაცხადა, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ჩატარებული, ამომრჩევლის ნება იყო ასახული. ეს ეუთო-ს გენერალურმა მდივანმაც გაიმეორა, რომელმაც ორი რაღაც გამოყო. ერთი, მან თქვა, რომ ფაქტობრივად, საქართველო ომის მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამიტომ საქართველოსთან მიმართებაში ცოტა უფრო ღრმა ანალიზი და ხედვა სჭირდებათ, ვინც ასეთ ბრტყელ განცხადებას აკეთებს ხოლმე. მეორე, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებზე ხალხის ნება სრულად იყო ასახული, სადაც ოპოზიციამ 150 წევრიან პარლამენტში 61 მანდატი მიიღო. ანუ, 40%-ზე მეტი და როდესაც ხალხის მიერ მონიჭებულ ამ მანდატს არ იყენებ, ამომრჩეველს უგულებელყოფ. ეს არის სიმართლე, რომელიც გაჟღერდა, თუმცა იქვე იქნა იმ შვეიცარიელი დელეგატის მიერ აღნიშნული, რომ მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს არჩევნების შედეგები არ მოეწონა. ვიცით, ვისაც არ მოეწონა, ვინც აქ ჩამოდიოდა და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. რაც არ უნდა ზეწოლა მოახდინონ, რაც არ უნდა პროპაგანდისტული მანქანა ჩართონ შიგნით თუ გარეთ, სიმართლე არ იმალება, რადგან ეს ყველაფერი ფაქტად დევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.