ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის (ორესტ ბერეზოვსკის). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მოქალაქეობა მიტროპოლიტ ონუფრის სპეციალური სამსახურის მასალების საფუძველზე შეუწყდა.
"უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ (ონოფრე) ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა 2002 წელს. მან ამის შესახებ არ აცნობა უკრაინის უფლებამოსილ ორგანოებს. ამავდროულად, ამის შემდეგ, მან განაგრძო ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსით სარგებლობა“, - ნათქვამია პრესრელიზში. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიტროპოლიტი ონოფრე ინარჩუნებს კონტაქტებს მოსკოვის საპატრიარქოსთან და „განზრახ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბური ინტერვენციის მიუხედავად, ბერეზოვსკი ფაქტობრივად განაგრძობს რუსეთის ეკლესიის და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მხარდაჭერას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქმა „დალოცა რუსეთის ჯარების შეიარაღებული აგრესია და ატარებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ წაქეზებისა და გამართლების პროპაგანდისტულ პოლიტიკას“.