უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში აშშ-ის დროებითი რწმუნებული ჯონ გინკელი მიიწვიეს უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამერიკელ დიპლომატთან საუბრის მთავარი თემები იყო აშშ-ის სამხედრო დახმარება და ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის ესკალაციის ფონზე.
„ამერიკელ დიპლომატთან საუბრის საკვანძო თემა გახდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში რუსეთის აგრესიისა და უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციის ფონზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ, მარიანა ბეცამ მადლიერება გამოხატა შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყისიდან და ხაზი გაუსვა აქამდე გამოყოფილი თავდაცვითი პაკეტების მიწოდების გაგრძელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რა დროსაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ მხარდაჭერაში ნებისმიერი შეფერხება ან დაყოვნება მხოლოდ წაახალისებს აგრესორს, გააგრძელოს ომი და ტერორი, მშვიდობის ძიების ნაცვლად“.
„უკრაინა მხარს უჭერს სამშვიდობო ძალისხმევას და აშშ-ის პოზიციას მკვლელობების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და ომის დასრულების აუცილებლობის შესახებ. ამ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და აგრესორზე კოორდინირებული ტრანსატლანტიკური ზეწოლის გაზრდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გამოცემა POLITICO-მ დაწერა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.