„გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას ექვსი თვით შეუჩერდებოდა პარტიული დაფინანსება.
„განსახილველ საკითხად გვაქვს პარტიიდან „საქართველოსთვის“ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. ასევე, შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.