შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების სივრცეები დაათვალიერა. მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, ნარკოლოგიური, კალიგრაფიული და დოკუმენტების ტექნიკური ლაბორატორიები.
გეკა გელაძეს და გიორგი ბუთხუზს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჯანგულაშვილმა დეპარტამენტის საქმიანობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას ადგილზე გაეცნო ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას. გეკა გელაძემ საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.