ევროკომისიამ დაასრულა უკრაინასთან მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გადახედვის შესახებ, - ამის შესახებ ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა მაროშ შევჩოვიჩმა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში ევროკომისარმა კრისტოფ ჰანსენმა ორშაბათს, 30 ივნისს, ბრიუსელში განაცხადეს.
მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ დებულებების გადახედვის შესახებ.
„ეს ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში გრძელვადიანი და პროგნოზირებადი ურთიერთშეთანხმების შექმნის ახალ ეტაპს აღნიშნავს“, - განაცხადა შევჩოვიჩმა.
მან აღნიშნა, რომ შეთანხმება „სრულად ითვალისწინებს გარკვეული სასოფლო-სამეურნეო სექტორების მგრძნობელობას, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ფერმერების მიერ იქნა ხაზგასმული“.
„შეთანხმება დაბალანსებული, სამართლიანი და რეალისტურია, ის წარმოადგენს საუკეთესო შესაძლო შედეგს რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში“, - აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.
როგორც ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ტექნიკური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ 6 ივნისიდან მოქმედ ომამდელ კვოტებთან შედარებით, უკრაინელი მწარმოებლებისთვის პირობები გაუმჯობესდება.
ევროკომისრების თქმით, შეთანხმება გადაიხედება მომდევნო წლებში, უკრაინის ევროკავშირთან მიდგომისა და სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით.