კაია კალასმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადა. ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ დაამტკიცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება.
აქ მკაფიო გზავნილით მოვედი. ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლა ვართ. წელს თქვენ მიიღეთ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. მივესალმებით თქვენს მზაობას, გააღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა. ასევე, დღეს დიდი სიამოვნებით ვაცხადებ ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის მომლაპარაკებლებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრიორიტეტებს“, - აღნიშნა კალასმა.
კალასის თქმით, ევროკავშირი 270 მილიონ ევროს გამოყოფს სომხეთის მდგრადობისა და ზრდის გეგმისთვის 2024-2027 წლების პერიოდისთვის. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის მხარდაჭერას, სომხეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების განვითარებას, ასევე რეფორმების მხარდაჭერას.
მისივე თქმით, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება.
„ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება. ხალხთან კონტაქტები ჩვენი ურთიერთობების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მივიწევთ წინ ვიზალიბერალიზაციის დიალოგში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კომისიამ მიიღო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება. როგორც კი ყველა პირობა დაკმაყოფილდება და პროცესი დასრულდება, ეს სომხეთსა და დანარჩენ ევროპას დააახლოებს“, - აღნიშნა კალასმა.