აშშ-ში, აიდაჰოს შტატში, ქალაქ კერ-დ’ალენის მახლობლად, კენფილდის მთაზე, ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორ მეხანძრე სროლის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით, პოლიციამ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კაცის ცხედარი იპოვა. იუწყება Reuters
ინციდენტი დღისით, ქალაქ კერ-დ’ალენის ახლოს მოხდა, სადაც მეხანძრეები კენფილდის მთაზე, ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილზე, ხანძარს ებრძოდნენ.
კუტენაის ოლქის შერიფმა ბობ ნორისმა განაცხადა, რომ მაშველებსა და პოლიციელებს სნაიპერმა ცეცხლი გაუხსნა.
თავდამსხმელი ტყეში იმყოფებოდა, კარგად იყო მომზადებული და ოსტატურად იყო შენიღბული.
მოგვიანებით, სპეცდანაყოფებმა კაცის ცხედარი იპოვეს, ცხედართან, ახლოს აღმოჩენილია იარაღიც.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი შესაძლოა განზრახ იყო გაჩენილი, რათა მაშველები ხაფანგში მოექციათ.
„სროლის დაწყებისას, მეხანძრეები დახმარებას ითხოვდნენ მას შემდეგ, რაც ორ მათგანს ესროლეს. ერთ-ერთმა მეხანძრემ განაცხადა, რომ ისინი სახანძრო მანქანის უკან იმალებოდნენ. მათ მოესმათ ხმა, რომელიც ამბობდა, რომ მათი აზრით, ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი“, - აღნიშნავს გამოცემა.
ნორისის თქმით, ადგილზე მისულმა ოფიცრებმა განაცხადეს, რომ სროლა სხვადასხვა მიმართულებიდან განხორციელდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინციდენტში რამდენიმე თავდამსხმელი მონაწილეობდა.
ტყის ხანძარი ამჟამადაც მძვინვარებს. ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ ევაკუაციისთვის.