საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა ირანსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე.
საუბრის დროს მაკრონმა „ხაზი გაუსვა ყველა მხარის მიერ ისრაელსა და ირანს შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემის მნიშვნელობას“ და აღნიშნა, რომ ირანი არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
„ამის გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად, მე ხაზი გავუსვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას - როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკურ საკითხებზე.“
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის და რეგიონის ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოებისთვის“, - აღნინშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ღაზის სექტორის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა „ცეცხლის შეწყვეტის აბსოლუტური აუცილებლობა“.
„ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფართო ხელმისაწვდომობა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტის ძიება მთავარ პრიორიტეტებად რჩება“, - დაწერა მაკრონმა Х-ზე.