ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.
„გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას: რისთვის სჭირდება ხელისუფლებას აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, კალაძე პასუხობს: „ეს ჩვენ არა, ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია ის, რასაც კადრულობთ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-შია“.
სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.