აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, Fox News-ს განუცხადა, რომ აშშ-მა ირანს შესთავაზა სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განხორციელების ნებართვა, თუმცა „მათ ეს შეთავაზება უარყვეს“.
„მათ მოგვატყუეს. ჩვენს წინადადებებს არ უპასუხეს. ისინი 10 დღით გაუჩინარდნენ. პრეზიდენტი იძულებული გახდა საპასუხო ზომები მიეღო“, - თქვა მან.
ამასთან, რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და გააფრთხილა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ქმედება მისი უდიდესი შეცდომა იქნება.
„ჩვენ ირანს ომს არ ვუცხადებთ. ჩვენ ირანთან ომს არ ვეძებთ. მაგრამ თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, რომლებიც მათ ჯერ არ უნახავთ“, - თქვა მან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, დღეს დილით განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდიდან არ წასულა. მისი თქმით, მოლაპარაკებები შეწყვიტა ისრაელის თავდასხმებმა, რასაც აშშ-ის დარტყმები მოჰყვა.