22 ივნისის, ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები მიიტანეს. შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე არიან დაშავებულები.
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში 17 წლის მოზარდი დაიღუპა, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, ათობით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.
„სლავიანსკში 17 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 32 კერძო სახლი, 2 ადმინისტრაციული შენობა, 4 მრავალსართულიანი შენობა, სამრეწველო შენობა, 3 მანქანა“, - დაწერა ფილაშკინმა Telegram არხზე.
ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკში მრავალსართულიან შენობას შეუტიეს.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი.
ამასთან, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ .ხარკოვის ოლქის დასახლება სტარი სალტოვში რუსული დრონის დარტყმის შედეგად 60 წლის კაცი დაიღუპა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტარი სალტოვში 77 წლის კაცი დაიღუპა.
ჯერ უცნობია, ერთსა და იმავე ადამიანზეა საუბარი თუ არა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 ივნისის ღამეს მტერმა შეტევა განახორციელა ორი „ისკანდერ-M/KN-23“ ბალისტიკური რაკეტით, ერთი „ს-300“ ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და 47 უპილოტო საფრენი აპარატით.
მათივე ცნობით, ოკუპანტების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული 50 სამიზნედან 18 დრონი ჩამოაგდეს, 10 კი ლოკაციურად დაიკარგა.