ბაქოს სასამართლომ დამნაშავედ ცნო Abzas Medi“-ს ჟურნალისტები, რომლებმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბიზნესთან დაკავშირებული გამოძიება ჩაატარეს. ასევე დამნაშვედ ცნეს „რადიო თავისუფალი ევროპის“/„რადიო თავისუფლების“ (РСЕ/РС) რეპორტიორი.
„რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტსა და ეკონომისტს, ფარიდ მეჰრალიზადეს ცხრაწლიანი პატიმრობა, bzas Media-ს ექვსი ჟურნალისტს კი 6,5-დან ცხრა წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
ყველა მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფს.
ჟურნალისტები დამნაშავედ ცნეს ეკონომიკურ დანაშაულში, მათ შორის, კონტრაბანდის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს.
გამოცემა Abzas Media-ში დაპატიმრებები 2023 წლის 20 ნოემბერს დაიწყო. 2024 წლის სექტემბერში, Abzas Media პრემია Free Media Awards-ის ლაურეატი გახდა. ჯილდოს გასცემენ გერმანული ფონდი Zeit Stiftung Bucerius და ნორვეგიული ფონდი Fritt Ord.
10 ივნისს, ადამიანის უფლებათა დამცველმა კავშირმა „აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის“ გამოაქვეყნა პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულთა ახალი სია, რომელშიც 375 სახელი იყო შეტანილი.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანში გაზრდილი რეპრესიები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ხელს უშლის ევროპას სრულად განახორციელოს ზეწოლა ბაქოზე იმ დროს, როდესაც ევროკავშირი ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
ფარიდ მეჰრალიზადეს განაჩენი დაგმეს უფლებადამცველმა ჯგუფებმა. ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მის საქმეს „მართლმსაჯულების პაროდია“ უწოდა.
„RSF-ი ითხოვს მის და Abzas Media-ს ჟურნალისტების დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებას, მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, აზერბაიჯანს პასუხი აგებინონ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ენ ბოკანდეს განცხადებაში.