ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დიპლომატიას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ისრაელი შეწყვეტს საჰაერო თავდასხმებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარასკევს ჟენევაში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების დროს ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ირანს მოუწოდეს, სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე.
არაღჩიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და მასზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანი გააგრძელებს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების გამოყენებას.
„მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ამასთან, არაღჩის თქმით, „ირანი მზადაა კვლავ განიხილოს დიპლომატიური ზომები, როგორც კი [ისრაელის] აგრესია შეწყდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის“.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად როგორ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ისრაელს, თუმცა ამავდროულად გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელებას და გამოვთქვამთ მზადყოფნას ახალი შეხვედრებისთვის უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.