სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში, 19 ივნისს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან დამცველთა კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა.
„ჩვენი ხალხი რუსული ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფება. უკრაინის დამცველები, რომლებიც იბრძოდნენ დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუჰანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიჰივის, კიევის ოლქებში. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაბრუნებაზე,“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საკოორდინაციო შტაბი განმარტავს, რომ „მძიმედ დაავადებულთა და დაჭრილთა“ კატეგორიაში მყოფი პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლის შემდეგი ეტაპი სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად მოხდა.
გათავისუფლებულ თითოეულ დამცველს სერიოზული დაზიანებებისა და ტყვეობის შედეგად დასმული სამედიცინო დიაგნოზები აქვს.
ბევრს აღენიშნება მნიშვნელოვანი წონის კლება, არასრულფასოვანი კვება, წყლულები, მხედველობის პრობლემები, კუნთოვანი სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.
გათავისუფლებული ჯარისკაცების უმეტესობა ტყვეობაში 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ტყვედ მარიუპოლის დაცვის დროს ჩავარდა.
დღეს გათავისუფლებული ყველა დამცველთ შორის არიან ძირითადად რიგითები და სერჟანტები.
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, გათავისუფლებულთა შორის ყველაზე უფროსი 63 წლისაა.