უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაგმოს უკრაინაზე ბოლო მასშტაბური თავდასხმა, მხარი დაუჭიროს მის თავდაცვით შესაძლებლობებს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 17 ივნისის ღამეს განხორციელებული თავდასხმა მთელი ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.
რუსები მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებას და სამრეწველო ობიექტებს დაესხნენ თავს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინმა განზრახ გასცა ბრძანება ამ დაბომბვის განხორციელების შესახებ დიდი შვიდეულის სამიტის დროს, რათა G7-ის ლიდერები სუსტებად წარმოეჩინა.
ის განზრახ ავლენს სრულ უგულებელყოფას საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ძალისხმევის მიმართ,“ - აღნიშNულია განცხადებაში.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინამ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ: კიევმა მიიღო ამერიკის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაგზავნა მაღალი დონის დელეგაცია დაბალი დონის რუსულ გუნდთან შესახვედრად და ასევე შესთავაზა რეალისტური ნაბიჯები მშვიდობისკენ და გამოაცხადა მზადყოფნა ლიდერების შეხვედრისთვის. პარალელურად კი მოსკოვმა არ გადადგა არც ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი მშვიდობისკენ.
„რუსეთი კვლავ უარყოფს აშშ-ის წინადადებას გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთი მიუღებელ ულტიმატუმებს აყენებს და უგულებელყოფს უკრაინის წინადადებებს. რუსეთი თავს არიდებს ლიდერების შეხვედრას, რამაც შეიძლება მშვიდობისკენ რეალური გზა გაკვალოს.
„ამის ნაცვლად, მოსკოვი მხოლოდ აძლიერებს ტერორს, ბომბავს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ურტყამს ენერგოსისტემას და ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია განცხადებაში.