სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ნეიტრალური სტატუსი მისი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა არსებულ საერთაშორისო ვითარებაში.
ფიცოს თქმით, მსოფლიო იცვლება.
„თუ ჩემი სახელით ვისაუბრებ, გეტყვით, რომ შეიარაღების ამ უაზრო დროში, როდესაც იარაღის კომპანიები ხელებს ისევე იფშვნეტენ, როგორც ეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა გააკეთეს „კოვიდის“ დროს, ნეიტრალიტეტი სლოვაკეთს ძალიან გამოადგებოდა“, - განაცხადა ფიცომ.
მისი თქმით, მან უკვე წამოჭრა ნეიტრალიტეტის საკითხი „ძალიან ოფიციალურად და ძალიან ნათლად“, თუმცა აღიარა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.
პრემიერ-მინისტრის განცხადება პრეზიდენტ პიტერ პელეგრინისთან მრგვალი მაგიდის წინა დღეს გაკეთდა, სადაც საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხს განიხილავდნენ.
ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ, ფიცოს სიტყვებს სკანდალური უწოდა და ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ქვეყნის გასვლის მცდელობაში დაადანაშაულა.
„რობერტ ფიცო ნეიტრალიტეტზე ოცნებობს. სინამდვილეში, ის ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წევრობას ნატო-ში, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველია. ეს ანგრევს სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკას და პუტინს ეხმარება“, - განაცხადა შიმეჩკამ.