აშშ-ში შესვლა გართულდება. ტრამპის ადმინისტრაცია იმ ქვეყნების სიის მნიშვნელოვნად გაფართოებას განიხილავს, რომელთა მოქალაქეებსაც შეერთებულ შტატებში შესვლა სრულად ეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ივნისის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს და განაცხადა, რომ ის ამერიკას უცხოელი ტერორისტების და სხვა საფრთხეებისგან დაიცავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილ ახალ შიდა დოკუმენტში ჩამოთვლილია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან მომავალი საფრთხეები.
„დეპარტამენტმა განსაზღვრა 36 ქვეყანა, რომელიც შეშფოთების გამომწვევია და რომლებისთვისაც, შესაძლოა რეკომენდაცია გაიცეს სრული ან ნაწილობრივი [აშშ-ში] შესვლის შეჩერების შესახებ, თუ ისინი 60 დღის განმავლობაში ვერ დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია, რომ ამ სიაში შესულ ზოგიერთ ქვეყანას არ ჰყავს კომპეტენტური ან თანამშრომლობისთვის მზადყოფნის მსურველი მთავრობა, რომელიც გასცემდა ნამდვილად სანდო საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს.
კიდევ ერთი პრობლემა ზოგიერთი ქვეყნის პასპორტების „საეჭვო უსაფრთხოება“ იყო.
დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთმა ქვეყანამ უარი თქვა ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე შეერთებული შტატებიდან საკუთარი მოქალაქეების დეპორტაციაში.
სხვა შეშფოთებას საგანს წარმოადგენდა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა შეერთებულ შტატებში ტერორისტულ თავდასხმებში ან ანტისემიტურ და ანტიამერიკულ საქმიანობაში.
დოკუმენტში ასევე მოცემულია იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც სახელმწიფო დეპარტამენტს ზემოაღნიშნული და სხვა პრეტენზიები აქვს. ეს ქვეყნებია: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბენინი, ბუტანი, ბურკინა-ფასო, კაბო-ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპოია, ეგვიპტემ გაბონი, გამბია, განა, ყირგიზეთი, ლიბერია, მალავი, მავრიტანია, ნიგერი, ნიგერია, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე.