ირანი მზადაა შეწყვიტოს ისრაელზე თავდასხმა, თუ ისრაელი გაჩერდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ჩვენ ვიცავთ თავს; ჩვენი თავდაცვა სრულიად ლეგიტიმურია. ეს თავდაცვა ჩვენი პასუხია აგრესიაზე. თუ აგრესია შეწყდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება“, - თქვა არაღჩიმ.
Al Jazeera-ს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანი მზადაა დადოს შეთანხმება ბირთვული იარაღისა და მისი განვითარების შესახებ.
„ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებულები, რომ არ უნდა გვქონდეს ბირთვული იარაღი“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, მან გააპროტესტა ირანისთვის მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული პროგრამის შემუშავების უფლების ჩამორთმევა.
ამავდროულად, არაღჩიმ ვაშინგტონი ისრაელის დარტყმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, დარტყმების მიზანი იყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ჩაშლა, რომლებიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა.
„[მოლაპარაკებების] წინა რაუნდში ამერიკელებმა წარმოადგინეს არაერთი წინადადება, რომელიც ჩვენთვის სრულიად მისაღები არ იყო. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პასუხი და ჩვენი თვალსაზრისი და ასევე უნდა წარმოგვედგინა კონტრწინადადება. ჩვენს წინადადებას შეუძლია ამერიკელებთან ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას კარი გაუღოს“, - თქვა არაღჩიმ.