ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ, განაცხადა, რომ თეირანი ისრაელის დარტყმებს უპასუხებს და აღნიშნა, რომ აშშ-ც „ძვირს გადაიხდის“ ვაშინგტონის მიერ არჩართულობის გარანტიების მიუხედავად.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა აუცილებლად უპასუხებს და მტერი მაღალ ფასს გადაიხდის,“ - თქვა შეკარჩიმ.
მან დასძინა, რომ როგორც ისრაელი, ასევე აშშ „მძიმე დარტყმას მიიღებენ“.
მისი თქმით, ისრაელის დარტყმების შედეგად საცხოვრებელი ტერიტორიები დაზიანდა. როგორც შეკარჩიმ აღნიშნა, ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
ირანის სახელმწიფო მედია IRNA ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით უწყება, მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.
ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა მაღალი რანგის პირების დაღუპვის შესახებაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანზე ისრაელის დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა აშშ ოპერაციაში არ მონაწილეობდა.