გერმანია წელს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, კერძოდ, უკრაინული შორი მოქმედების იარაღის წარმოებისთვის.
გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ დამტკიცდება, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„გერმანია მონაწილეობას მიიღებს შორი დისტანციის იარაღის დაფინანსებაში. მათი წარმოება აუცილებლად უნდა დაიწყოს. და ის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ ამისთვის დაფინანსება უნდა გამოვყოთ, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასალები შეიძინონ“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად გერმანია წელს უკრაინისთვის დახმარებისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავდა, თუმცა შემდგომში ეს თანხა 7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
პისტორიუსის თქმით, ამჟამად იგეგმება ამ დაფინანსებას კიდევ 1.9 მილიარდი ევრო დაემატოს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული.
„ნაწილი გამოყენებული იქნება შორი დისტანციის შეიარაღების პროექტის დასაფინანსებლად. ამგვარად, ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად 9 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა.