აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს გაგზავნის.
ამის შესახებ აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება Reuters
დოკუმენტის თანახმად, საზღვაო ქვეითები უზრუნველყოფენ ფედერალური სამსახურისა და დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე ლოს ანჯელესსა და მის გარეუბნებში სამთავრობო ქონების უსაფრთხოებას.
ისინი იმოქმედებენ კალიფორნიის ეროვნული გვარდიის ჯარებთან ერთად, რომლებიც ასევე განლაგებული არიან ქალაქში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემადგენლობა გაგზავნოს.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოსანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.
კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.
პოლიციის ცნობით, კვირას საპროტეტსო აქციებზე ლოს ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.