საქართველოში უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300-დან 350 ათასამდე.
„ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე, ავამუშავებთ ამ მიმართულებით ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, პანდემიის პერიოდში ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი თავის შინაურ ცხოველს ტოვებდა სახლის გარეთ, სხვადასხვა ადგილას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება, შესაბამისი ნიშნის დადებით ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონის მიკვლევადობა უზრუნველყოს, ხოლო ძაღლის მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით, ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და ასე უპატრონოდ, მაგალითად, ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი. მართლა არ შეიძლება, რომ აღარ მოგეწონა და ხვალ არაერთი ლეკვი შენი ძაღლის, რომელიც სახლში გყავს, სადღაც გარეთ დაყარო. ერთი მხრივ, ეს არ არის მთლად მორალური საქციელი და მეორე მხრივ, ამ ძაღლების გარეთ მიტოვებით პრობლემა შეუქმნა საზოგადოებას. მოკლედ, ამ საკითხის გადაჭრა ამ და სხვა შესაბამისი ნორმების მიხედვით იქნება შესაძლებელი, თუმცა ზოგადად, ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა არ არის, ამას სჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ თემაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.