პოლიციამ ლოს ანჯელესის ცენტრში, საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციებზე 56 ადამიანი დააკავა.
მასობრივი არეულობების დროს დაშავდა ორი პოლიციელი. სამართალდამცველები მოტოციკლის დაჯახების შედეგად დაშავდნენ.
სამართალდამცველები ცდილობდნენ ლოს ანჯელესის მთავარი მაგისტრალის გათავისუფლებას, რომლის ერთი მონაკვეთი დემონსტრანტებმა გადაკეტეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციასთან შეტაკებების დროს მათ ბოთლები და ქვები ესროლეს და სულ მცირე ხუთი მანქანა დაწვეს.
ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესკალაცია გამოწვეული იყო ფედერალური მთავრობის ქმედებებით, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციების ჩასახშობად კალიფორნიის ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოსანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.
კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.